სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული ლევან სირაბიძე დამნაშავედ ცნო

11 ივლისი 2024, 14:15 1309 ნახვა

ბათუმში მოკლული ნიკა თუთაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ  ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათილად ცნო და ლევან სირაბიძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე იმერლიშვილმა დღეს დილით გამოაცხადა.

საქმის პროკურორის განმარტებით, ლევან სირაბიძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მოხდება მისი დაუყოვნებლივი დაკავება.  დაცვის მხარე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებს, ადვოკატი სატელეფონო ზარებს ამ დრომდე  არ პასუხობს.  ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეს ერთადერთი ბრალდებული ჰყავდა.

ლევან სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ჭილაიამ  გასული წლის 26 ოქტომბერს უდანაშაულოდ ცნო და  გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სირაბიძე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. რასაც დაზარალებული მხარე კატეგორიულად არ ეთანხმებოდა.  შეგახსენებთ, ბათუმში გასული წლის 11 მარტს  მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. მოკლული ნიკა თუთაშვილი და პირველი ინსტანციის მიერ გამართლებული ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრების იყვნენ.

თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით  საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და სირაბიძეს  პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში