ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა

12 ივლისი 2024, 14:01 1132 ნახვა

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა. ახალგაზრდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის სახურავის გადახურვის სამუშაოებს ასრულებდა.

ლეონიძის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით,  17 წლის მოზარდს სავარაუდოდ ფეხი დაუცურდა და ოთხ სართულიანი შენობიდან გადმოვარდა.  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსებს არასრულწლოვანი გარდაცვლილი დახვდათ. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალიგატორი-1“ აწარმოებს, რომელიც სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ამიტომ უცნობია, რატომ იყო დასაქმებული არასრულწლოვანი სამშენებლო სამუშაოებზე. ობიექტის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია დასაქმებული პირების შესახებ. შემთხვევის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც  სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში