პრეზიდენტი "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს არ იზიარებს და მას ხელს არ აწერს - გიორგი მსხილაძე

12 ივლისი 2024, 15:53 440 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპენსიო კანონში შესული ცვლილებების პაკეტი პარლამენტს უკან დაუბრუნა. აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი პარლამენტს უკან მოტივირებული შენიშვნების გარეშე გაეგზავნება.

გიორგი მსხილაძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს არ იზიარებს და მას ხელს ამიტომ არ აწერს.

"საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოწერა დაგროვებითი პენსიის კანონში შესატან ცვლილებებს და აღნიშნული კანონი პარლამენტს დაუბრუნა. განხორციელებული ცვლილებით ფონდის საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაშინ როცა აღნიშნული მოდელით, ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ შესაძლოა, მმართველი საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს....

აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით, ე.წ ვეტოს გადაგზავნას. პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას, აგზავნის კანონს პარლამენტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში