აშშ-მა ქვეყნების ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

13 ივლისი 2024, 10:48 342 ნახვა

აშშ-მა ქვეყნების ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს, – ასე პასუხობს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ლინ ძიანი ნატო-ს სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ, ჩინეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

„აშშ-მა არაერთხელ გაიმეორა, რომ სურს ჩინეთთან გამკლავება ე.წ. ძლიერის პოზიციდან, რაც ასახავს შეერთებული შტატების ქედმაღლობას და ჰეგემონიას. არ არსებობს ამქვეყნად აღმატებული ქვეყანა და არც ძლიერს უნდა ჰქონდეს სუსტის დაჩაგვრის უფლება. სხვა ქვეყნების ჩაგვრა მათი ე.წ. ძალაუფლების გაზრდის მცდელობით, არ შეესაბამება დროის სულისკვეთებას და ვერ მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ლინ ძიანმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებები უპასუხისმგებლო და პროვოკაციულია.

„ჩინეთი მკაცრად გმობს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ განცხადებებს ჩინეთის წინააღმდეგ, რომელიც ცივი ომის მენტალიტეტსა და იდეოლოგიურ ცრურწმენებს მოიცავს. უკრაინის საკითხზე ბრალდებებმა საერთაშორისო საზოგადოება უპასუხისმგებლო შენიშვნებით მოიცვა ჩინეთის ნორმალურ სამხედრო გაძლიერებასა და შესაბამის ქვეყნებთან მის ურთიერთობებთან დაკავშირებით“, – ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პოლონეთის საზღვრის მახლობლად ბელარუსისა და ჩინეთის ერთობლივი წვრთნები ადასტურებს, როგორ უახლოვდება ჩინეთი ნატო-ს ევროპაში. მისივე თქმით, ჩინეთი ახორციელებს სამხედრო ძალის უზარმაზარ გაფართოებას გამჭვირვალობის გარეშე და დიდ ინვესტიციას ახორციელებს ახალ, თანამედროვე რაკეტებში, ბირთვულ იარაღში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში