აფეთქება სანქტ-პეტერბურგში

03 აპრილი 2017, 00:00 4538 ნახვა

“მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ცდილობს, მოიძიოს ინფორმაცია, სანკტ-პეტერბურგში დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა”, - აცხადებენ  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ამ პირთა იდენტიფიცირებას ახორციელებენ. მძლავრი აფეთქება პეტერბურგში მეტროსადგურ ,,სენნაია პლოშადზე" მოხდა. აფეთქება მოსკოვის დროით 14 საათსა და 40 წუთზე ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედებამ გამოიწვია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 10 და დაშავდა 50-მდე ადამიანი. ყველა მათგანი ვაგონში იმყოფებოდა. დაზარალებულები საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ინციდენტთან დაკავშირებით  ყველა  63-ვე მეტროსადგური დახურეს და მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების 40-მდე ბრიგადაა მობილიზებული. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით  დაუდგენელია. გამოცემა ,,ლაიფის" ცნობით, აფეთქება ორ სადგურში ,,სენნაია პლოშადსა" და ,,ტექნოლოგიურ ინსტიტუტში" მოხდა. სანქტ-პეტერბურგში მომხდართან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა. ინციდენტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს მოსკოვის მეტროპოლიტენში.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში