უკრაინაში ომის ცხელი ეტაპი, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

21 ივლისი 2024, 20:49 398 ნახვა

უკრაინაში ომის ცხელი ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს ოკუპირებული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნების გარეშე, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი ამბობს, უკრაინა ამზადებს საპასუხო გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს.

„თუ ჩვენ ერთიანები ვიქნებით და მივყვებით, მაგალითად, სამშვიდობო სამიტის ფორმატს, შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი. შეგვიძლია, ვეცადოთ ამის წლის ბოლომდე გაკეთებას. გეგმა ნებისმიერ შემთხვევაში მზად იქნება, მაგრამ, ის უნდა იყოს გაერთიანებული პარტნიორებთან, რათა არავინ ითამაშოს ომის დასრულებაზე თავისი ინიციატივებით და შემდეგ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც განახორციელებენ ზეწოლას რუსეთზე, რათა რუსეთი დათანხმდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე და იფიქროს ომის დასრულებაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკი არ გამორიცხავს, უშუალოდ, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას.

„მეორე სამშვიდობო სამიტზე - თუ გეგმა სრულად იქნება მომზადებული და თუ რუსეთი მზად იქნება ისაუბროს ამ გეგმის მიხედვით და დათანხმდეს ომის დასრულებაზე გაერო-ს წესდების შესაბამისად და ყველა იმ კრიზისის გადაწყვეტას, რომელიც მათ მოიტანეს, მაშინ, ჩვენ მზად ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვისაუბროთ რუსეთის წარმომადგენლებთან და ეს იქნება პუტინი თუ არ იქნება პუტინი - რა განსხვავებაა? ჩვენ დაველაპარაკებით მათ, ვინც რუსეთში ყველაფერს წყვეტს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში