პარიზის ოლიმპიადაზე დღეს საფეხბურთო ტურნირი იწყება

24 ივლისი 2024, 10:15 577 ნახვა

ევრო 2024-სა და კოპა ამერიკის შემდეგ, დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირი იწყება ფეხბურთში, რომელიც პარიზის ოლიმპიადის რანგში ჩატარდება.

ზაფხულის თამაშების საფეხბურთო ტურნირი 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება. მასში 16 ნაკრები მონაწილეობს. აქედან 15-მა კვალიფიკაცია გაიარა და მათ მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები დაემატა.

თითოეული გუნდის განაცხადში, მინიმუმ, 15 ფეხბურთელი უნდა იყოს, რომლებიც 2001 წლის 1 იანვრის შემდეგ არიან დაბადებულნი. შემადგენლობაში 23 წელს გადაცილებული მხოლოდ სამი ფეხბურთელის დამატებაა შესაძლებელი.

პლეი ოფში გავა თითო ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები. შემდეგ იქნება პლეი ოფი – მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი.

ბოლო ორი ოლიმპიადა ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო, მაგრამ ახლა ეს გუნდი ვერ მოხვდა პარიზში. მის არყოფნაში მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან საფრანგეთი, ესპანეთი და არგენტინა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში