ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

26 ივლისი 2024, 14:58 445 ნახვა
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის მეთაური ლევილში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრმა პრემიერს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამჟამად მიმდინარეობს ლევილის მამულის შატოს რეაბილიტაცია, რომლის სახურავი მთლიანად შეიცვალა. შატოს პირველ სართულზე განთავსდება პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მუზეუმი, მეორე სართულზე კი რვა საცხოვრებელი სივრცე მოეწყობა.

მამულში უკვე დასრულდა გუშაგის სახლის რეაბილიტაცია, სახელოვნებო საცხოვრებლების კეთილმოწყობა; აღდგა 4 ჰა ტერიტორიის გალავნის ავთენტიკური სახე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს.

„ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და ამას ემსახურება სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა – ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიული მამული სრულად აღდგება და კულტურულ-საგანმანათლებლო კერად იქცევა.

პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერსა და ლევილის მერთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ხსოვნას.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში