თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეპოქა შექმნა, მისი გარდაცვალება, უდიდესი დანაკლისია - ჯანდაცვის სამინისტრო

01 აგვისტო 2024, 13:20 335 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიო დონის მეცნიერის, ღვაწლმოსილი ექიმისა და ყველასათვის სამაგალითო ადამიანის გარდაცვალების გამო. თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს. მისი გარდაცვალება, უდიდესი დანაკლისია თითოეული კოლეგის, დარგის წარმომადგენლისა და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

„უდიდესი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და სრულიად საქართველომ - 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.

შეუფასებელია მისი ღვაწლი აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებების და ზოგადად, ქართული მედიცინის განვითარებაში. იგი იყო ქვეყანაში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი. მისი ძალისხმევით, საქართველომ შეძლო, თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი, ასევე B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი. განსაკუთრებულია მისი წვლილი COVID-19-ის კლინიკური მართვის წარმატებული განხორციელების საქმეში.

2009 წელს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის, მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო - Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.

თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, შიდსის საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა არაერთი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების წევრი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობაში და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.

ბატონ თენგიზს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ღირსების ორდენი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიო დონის მეცნიერის, ღვაწლმოსილი ექიმისა და ყველასათვის სამაგალითო ადამიანის გარდაცვალების გამო. თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს. მისი გარდაცვალება, უდიდესი დანაკლისია თითოეული კოლეგის, დარგის წარმომადგენლისა და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის.

თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეპოქა შექმნა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში