ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან

03 აგვისტო 2024, 09:45 458 ნახვა

შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი წელი გავიდა.

მთებიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან ერთი დაღუპული, ჯერ კიდევ, არ არის ნაპოვნი. 

ჩამოწოლილი მიწის მასისა და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურა ერთობლივად მონაწილეობდა.

სპეციალისტების დასკვნით, 2023 წლის 3 აგვისტოს, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.

აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა. დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში