დიდად ვწუხვართ, რომ ჩვენს სამზეოს გამოაკლდა საერთაშორისო დონის იმუნოლოგი და ინფექციონისტი, საოცარი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, დიდი მკურნალი, ბატონი თენგიზ ცერცვაძე - ილია მეორე

04 აგვისტო 2024, 17:35 386 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო ოჯახს, ახლობლებს, კოლექტივს, მედიკოსებსა და მთლიანად საზოგადოებას უსამძიმრებს.

„დიდად ვწუხვართ, რომ ჩვენს სამზეოს გამოაკლდა საერთაშორისო დონის იმუნოლოგი და ინფექციონისტი, საოცარი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, დიდი მკურნალი, ბატონი თენგიზ ცერცვაძე.

 

უცხოელი კოლეგების მხარდაჭერითა და ნდობის წყალობით და რა თქმა უნდა, თავისი ნიჭითა და გამოცდილებით მან ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდებში არაერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებული პროექტი განახორციელა, ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა.

 

ბატონი თენგიზის სხვა დამსახურებათა შორის, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან თავისი სკოლა შექმნა და ურთულეს ინფექციებთან საბრძოლველად ძლიერი აკადემიური გუნდი ჩამოაყალიბა.

 

სამაგალითო იყო მისი დამოკიდებულება პაციენტებისადმიც. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა თვითონ ჰქონდა, გადამდები დაავადების მქონე ავადმყოფებს არ ერიდებოდა და უშუალო ურთიერთობითა და მანუგეშებელი სიტყვით, წამალზე მეტად, მათ სულიერად ეხმარებოდა. ამ თვისებათა გამო, იგი საყოველთაო პატივისცემას იმსახურებდა. პირადად მეც მქონდა მასთან ახლო ურთიერთობა და ყოველთვის დიდად ვაფასებდი მის პიროვნებას.

 

ვუსამძიმრებ მეუღლეს, ქალბატონ ანას, ინფექციური საავადმყოფოს მთელ კოლექტივს, საერთოდ მედიკოსებს და ჩვენს საზოგადოებას და თქვენთან ერთად შევთხოვ ყოვლადმოწყალე უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს ბატონი თენგიზის უკვდავი სულის ცხონებას“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში