თეა წულუკიანმა ქართველ ძიუდოისტებს ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში გამოაცილა

04 აგვისტო 2024, 19:18 499 ნახვა

ქართველი ძიუდოისტები პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ბრუნდებიან.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი, თეა წულუკიანი ქართველ ძიუდოისტებს, მათ მწვრთნელებს, ექიმებსა და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებს ოლიმპიურ სოფელში შეხვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ, ლერი ხაბელოვთან ერთად, ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში გამოაცილა.

"მინისტრი შეხვდა იმ ქართველ ოლიმპიელებსაც, რომლებიც პარიზში ასპარეზობას განაგრძობენ და მათ გამარჯვება უსურვა.

ქართველი ძიუდოისტები საქართველოში 21:35 საათზე დაბრუნდებიან.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა (90 კგ) კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება. ამასთანავე, ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

პარიზის ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ისტორიაში პირველად იასპარეზა ქართველ ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრებმა ლაშა ბექაურის, ლაშა შავდათუაშვილის, ილია სულამანიძის, ეთერ ლიპარტელიანის, ეთერ ასკილაშვილისა და სოფიო სომხიშვილის შემადგენლობით.

ამასთან, პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს ქართველი მოკრივე ლაშა გურული. ის დღეს ისტორიულ ნახევარფინალურ შეხვედრაში კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში სპორტსმენმა ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის 3:2 სძლია და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და ძალოსნები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში