მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

05 აგვისტო 2024, 11:06 326 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა ძალიან მოკლე პერიოდში ქუთაისს აქცევს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზიდულობის ცენტრად რეგიონში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისში აღნიშნული პროექტის განხორციელება წარმოადგენს იმ პოლიტიკის ნაწილს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

„ბოლო წლებში საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, იმუშაონ ინოვაციური იდეების განხორციელებაზე, ჰქონდეთ წვდომა როგორც სახელმწიფო პროგრამებზე, ასევე გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემაზე,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს სიახლოვე საერთაშორისო აეროპორტთან და ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან, რომელიც გამორჩეულია როგორც რეგიონის, ასევე გლობალური მასშტაბით. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქუთაისზე, როგორც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წარმატებული სკოლის მქონე ქალაქზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში