ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არაა, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე - მიხეილ სარჯველაძე

06 აგვისტო 2024, 11:26 378 ნახვა

ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია.

"საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და, ხშირ შემთხვევაში, მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა საქმიანობის შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 95 მილიონზე და ასეთ ასტრონომიულ რიცხვებზე საუბარი არ არის ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან მიმართებით.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დაგეგმვის შემდეგ შესაძლოა მხარეები ჩამოყალიბდნენ ახალ ფორმატებზე, მაგრამ ადამიანების შეცდომაში შეყვანაა საუბარი იმაზე, თითქოს საქართველოს მხარეს 95 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა.

„ეს, რასაკვირველია, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა, როგორი სიცრუეც ბევრი გავრცელდა ამ დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება თითქოსდა კავშირს რომელიმე მიღებული საკანონმდებლო აქტისა ახლა მიღებულ გადაწყვეტილებასთან, მე ვფიქრობ, რომ ასეთი კავშირი ობიექტურად არ არსებობს.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის განვითარება და ამ თვალსაზრისით კვლევითი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის არის საკმაოდ დიდი მნიშვნელობის. ეს კარგი პროექტებია და ვფიქრობ, გაცილებით მაღლა დგას თავისი ჰუმანიტარული და იდეალური მიზნებიდან გამომდინარე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში