საქართველომ პარიზის ოლიმპიადა ისტორიული შედეგით დაასრულა

12 აგვისტო 2024, 09:57 567 ნახვა

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. საქართველომ პარიზში ასპარეზობა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხარისხობრივად საუკეთესო შედეგია.

ამრიგად, გაუმჯობესდა 2008 წელს პეკინში მიღწეული შედეგი (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო).

ამ შედეგებით საქართველო 206 ოლიმპიურ კომიტეტს შორის 24-ე ადგილზე გავიდა და გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორები არიან:  ბელგია, ჩეხეთი, დანია, ხორვატია, ალჟირი, ინდონეზია, პოლონეთი, ყაზახეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, არგენტინა, ეგვიპტე, თურქეთი, მექსიკა, ინდოეთი და სხვა.

ლაშა ტალახაძე გახდა დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული სპორტსმენი, რომელმაც 3-ჯერ მოახერხა ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება.

ლაშა ბექაური კი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ორჯერ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა.

გენო პეტრიაშვილი დამოუკიდებელ საქართველოში ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ მეორე სპორტსმენია, რომელსაც ყველა ოლიმპიური სინჯის მედალი აქვს.

პარიზში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა ნინო სალუქვაძემ, ის მსოფლიოში ერთადერთი ქალია, რომელმაც 10 ოლიმპიურ თამაშში მიიღო მონაწილეობა.

შემდეგი ოლიმპიური თამაშები 2028 წელს ლოს-ანჯელესში(აშშ) გაიმართება.

პარიზი კი 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პარალიმპურ თამაშებს უმასპინძლებს, რომელშიც 14 ქართველი პარაათლეთი იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში