უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 180 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინული მედია

02 სექტემბერი 2024, 10:19 409 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 180 საბრძოლო შეტაკება მოხდა,  აქედან 62 პოკროვსკის მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილიდან უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ცნობით, დარტყმისას საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, კერძოდ „ისკანდერები“, ასევე უპილოტო საფრენი აპარატი. 

საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე გაანადგურეს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, მათგან ერთი ჰოსპიტალიზებულია.

კიევის სამ რაიონში დაზიანებულია შენობები, კერძოდ, საწარმო და არასაცხოვრებელი ნაგებობები და დამწვარია ოთხი ავტომობილი. ჩამსხვრეულია მინები „სვიატოშინის“ მეტროსადგურის შენობაში.

პარალელურად, გუშინ საღამოს სუმის ოქლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. იერიშის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია სუმის ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრისა და ბავშვთა სახლის შენობა, ასევე ხუთი მრავალსართულიანი სახლი.

ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვსა და პოლტავაში. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ორი „შაჰედით“ დარტყმა კერძო სახლსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მახლობლად განხორციელდა. მანამდე, რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში