ომბუდსმენი და ცესკო წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებენ, სათანადო საარჩევნო გარემოს ფორმირებას შეუწყონ ხელი 

02 სექტემბერი 2024, 11:06 346 ნახვა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებენ, სათანადო საარჩევნო გარემოს ფორმირებას ხელი შეუწყონ.

„2024 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბერს დანიშნა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები და შესაბამისად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი.

წელს პირველად, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ასევე, მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ის ჩატარდება ელექტრონული საშუალებებით, რომლის გამოყენებასაც ამომრჩეველთა თითქმის 90% შეძლებს. მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. ამდენად, გასული წლების არჩევნების უკიდურესად პოლარიზებული წინასაარჩევნო პერიოდის, ასევე არსებული გარემოს კიდევ უფრო მეტად პოლარიზების საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ერთობლივად როგორც ორ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, სურს მოუწოდოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ სათანადო საარჩევნო გარემოს ფორმირებას.

საარჩევნო მთლიანობა და ჯანსაღი საარჩევნო გარემო ფუნდამენტურია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. თუმცა, როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება და ამ პროცესში ჩართული პირების მიმართ პირადი თავდასხმები, ეს პირდაპირ ასუსტებს საარჩევნო გარემოს.

სამწუხაროდ, საარჩევნო პერიოდში, აქტიურად შეინიშნება საარჩევნო სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ადამიანთა დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება. გასულ წლებში ასეთი თავდასხმის ობიექტები საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები და წევრებიც არა ერთხელ გამხდარან. ამასთანავე, პოლიტიკური დებატები მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებებით ხასიათდება. განსაკუთრებით თვალსაჩინოა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური დამოკიდებულება, რაც, ხშირ შემთხვევაში, მათ მიმართ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება. სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტები საზიანოა და ხელს უშლის თანასწორი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის გამართულ საქმიანობას, საარჩევნო პროცესების შეუფერხებლად წარმართვასთან ერთად ამ პროცესებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რაც თავის მხრივ, უკიდურესად აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბური დანერგვის, ასევე, ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის შეუცვლელი როლის გათვალისწინებით, ყველა მხარის ხელშეწყობით საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა უნდა მიეცეს სიძულვილის ენისგან თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.

აუცილებელია, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა/წარმომადგენლებმა, შესაბამისმა კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურის დასანერგად, მნიშვნელოვანია კანდიდატთა საარჩევნო კამპანიები მიმართული იყოს საქმიანი, საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული დისკუსიისკენ.

ამავდროულად, აღსანიშნავია მედიის განსაკუთრებული როლი წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად და სამართლიანად წარმართვის კონტროლის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი იქნება მედიის წარმომადგენლებმა, საარჩევნო კამპანიების გაშუქებისას, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე მოახდინონ შესაბამისი განმარტება და მსგავს ფაქტებს კრიტიკულად გამოეხმაურონ.

დასასრულს, სიძულვილის ენის თავიდან აცილება აუცილებელია საარჩევნო მთლიანობის უზრუნველსაყოფად და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად. აღნიშნული კი თავის მხრივ არის სამართლიანობის, ფართო მონაწილეობისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში