ხაზარაძე არის ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტი, „ლელო“ განწირულია, რომ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს - პრემიერი

04 სექტემბერი 2024, 10:40 332 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლელო“ აბსოლუტურად განწირულია იმისთვის, რომ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს.

ირაკლი კობახიძეს დაუსვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სავარაუდოდ, „ლელოს“ შეუერთდება.

„ხაზარაძე არის ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტი, ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი ასეთ მცირე შეერთებებს არ აქვს. მე მგონია, რომ „ლელო“ არის აბსოლუტურად განწირული იმისათვის, რომ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ეცდება, საარჩევნო პროცესებში რადიკალიზმი შემოიტანოს.

„ლაშა ბაქრაძეს, ამ კაცს, ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც გააკეთა მან გუშინ, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი ყველას მხრიდან. აქაც გამოჩნდება კონკრეტული ორგანიზაციების, თუ სუბიექტების ობიექტურობა – არაობიექტურობა, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღეს რასაც ეძღვნება ჩვენი ბრიფინგი, ზუსტად იმას ადასტურებს ლაშა ბაქრაძის გუშინდელი განცხადება.

 

რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ეცდება, რომ შემოიტანოს მაქსიმალურად რადიკალიზმი საარჩევნო პროცესებში. ნუ პატარა ნიშნები ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე, როგორც უკვე აღინიშნა არ ყოფილა რაიმე სერიოზული ინციდენტი, ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა. გუშინდელი რიტორიკაც არის ამის ერთ-ერთი დასტური. ასევე თქვენ ნახეთ, რომ თუ არ ვცდები, ზუგდიდში გვარამიას პარტიის ლიბერალურ-ფაშისტური რამდენიმე კაციანი დაჯგუფება ცდილობდა ინციდენტების მოწყობას ჩვენს საარჩევნო ღონისძიებებზე. არის უკვე ასეთი მცირე ინციდენტები, რაც ჩვენ გვაშფოთებს. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და ჯანსაღი საარჩევნო გარემო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, სამწუხაროდ ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არ აქვს და ამიტომ, არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს.

"აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი იმედი არა აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მათ ლექსიკონიდან ამოღებული აქვთ სიტყვები - "ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ მოიგო" და მუდმივად საუბრობენ სიტყვებით - "ქართულმა ოცნებამ არჩევნები თუ გააყალბა". სრულიად ცხადია, რომ ისინი მორიგ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და ქვეყნის არევას, რასაც, მათი გვათვლით, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და რადიკალური ოპოზიციის მიერ მეორე ფრონტის გახსნის დავალების შესრულება უნდა მოჰყვეს. ამ შემთხვევაშიც, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და მათი მარიონეტი.

„სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადებას აქვს ნულოვანი ფასი. რაც შეეხება  სიტყვა „კოშმარს“, მას სიტყვა გაექცა რეალურად. არ შეიძლება, ერთი აგენტი საუბრობდეს ზუსტად იმავე სიტყვებით, როგორ საუბრობენ სხვა აგენტები. ეს სიტყვა არის სხვა აგენტების ტერმინი, უცხოელი აგენტების და სწორედ აგენტები იყენებენ ამ ტერმინს „ქართული ოცნების“ მიმართ. მე არ ვურჩევდი სალომე ზურაბიშვილს, რომ მომავალში ზუსტად იმ იდენტური ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ. ამით ის შიფრავს საკუთარ როლს. კონკრეტული უცხოელები, თავადაც აგენტები იყენებენ ამ ტერმინს"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში