აფგან მუხთარლის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევები დაადგინა

05 სექტემბერი 2024, 14:01 331 ნახვა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე - “მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დარღვევები დაადგინა. საქმე ეხება 2017 წელს, თბილისიდან აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, მის მიმართ არასათანადო მოპყრობას და ფარულ გადაყვანას საქართველოდან აზერბაიჯანში, მის შემდგომ დაკავებას და იქ წინასწარ პატიმრობას.

მუხთარლი საქართველოს უჩიოდა მისი სავარაუდო გატაცების, არასათანადო მოპყრობის, აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის გამო და ასევე ედავებოდა შესაბამისი ორგანოების მიერ საქმის ეფექტურად გამოუძიებლობას.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ არ გამოიძია, რომ დაკავების დროს აფგან მუხთარლის მიმართ გამოიყენეს ძალა, იძულება, დამამცირებელი მოპყრობა და წამება.

ასევე სახელმწიფომ არ გამოიძია დაკავების და აზერბაიჯანისთვის მისი გადაცემის ფაქტი.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლისთვის 12 ათას 500 ევროს გადახდა დააკისრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში