დავინახეთ, რომ ის, რაც გვეგონა გვერდით დგომა, სინამდვილეში ყოფილა დამადლებული დახმარება, ქართველ ხალხს თავად შეუძლია, იზრუნოს საკუთარ ინტერესებზე - პაპუაშვილი

10 სექტემბერი 2024, 16:04 249 ნახვა

ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება, სამწუხაროდ, დავინახეთ ბოლო პერიოდში, რომ ის, რაც ჩვენ გვეგონა გვერდში დგომა, სინამდვილეში ყოფილა დამადლებული დახმარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს შეუძლია ბიუჯეტის მეშვეობით დააფინანსოს სხვადასხვა მიმართულება.

"შეიქმნება სახელმწიფო ფონდი, რომელიც დააფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს. დღემდე არ არსებობდა არანაირი აღრიცხვა, რეესტრი, რა თანხები ტრიალებს ამ სექტორში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რა თანხებიც მიემართება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სხვადასხვა ჯგუფების ხელშეწყობა, ამაზე მეტი თანხა გაიღება სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის, რაც ითქვა და ზუსტად ამისკენ ვართ ჩვენ მოწოდებული.

 

ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება, დავინახეთ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, ის რაც ჩვენ გვეგონა გვერდში დგომა, სინამდვილეში ყოფილა დამადლებული დახმარება. ქართველ ხალხს არაფერი აქვს არავისგან დასამადლებელი. ამიტომ, ქართველ ხალხს თავად შეუძლია, იზრუნოს საკუთარ ინტერესებზე, მათ შორის ყველა ეს მიმართულება ჩვენი ბიუჯეტის მეშვეობით დაფინანსდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რატომ უნდა იყოს საჭირო, რომ უცხო ხელისუფლებებმა აფინანსონ რაღაც მიმართულებები, როცა საქართველოს ბიუჯეტს ამისი შესაძლებლობა აქვს.

"გასაკვირია, გუშინ ისეთი გამოხმაურებები მოვისმინე, თითქოს ეს არის მოსყიდვა. რა გამოდის, რომ დღეს „ენჯეოები“ მოსყიდული არიან? ამას ამბობენ, რომ ეს იქნება სამთავრობო ორგანიზაცია? გამოდის, ისინი აღიარებენ, რომ უცხო მთავრობის ორგანიზაციები არიან? თავად ხომ შეატყვეთ, აბსურდში არიან, საბოლოო ჯამში, საკუთარ ტყუილში, სიცრუეშივე იკარგებიან. ეს ინიციატივა მისასალმებელია. სხვათა შორის, არასამთავრობო სექტორშიც იყო საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვზომავდეთ ჩვენს ქვეყანას. რატომ უნდა იყოს საჭირო, რომ უცხო ხელისუფლებებმა აფინანსონ რაღაც მიმართულებები მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტს ამისი სრული შესაძლებლობა აქვს. თუ ამბობთ, რომ გერმანია ან აშშ რუსულ გზას ადგას, ეს თქვენი უფლებაა.

 

მზე რუსეთშიც აღმოსავლეთიდან ამოდის და გერმანიაშიც, ეს არ ნიშნავს, რომ გერმანია რუსულ გზას დაადგა, რადგან მზე ერთი და იმავე მხრიდან ამოდის. როგორ ფიქრობთ, გერმანიაში თუნდაც კვლევითი ინსტიტუტები, ასოციაციები საიდან ფინანსდებიან? ამერიკიდან ფინანსდებიან თუ გერმანიის საჯარო სახსრებით ან კერძო შემოწირულობის სახსრებით? აშშ-ში ასოციაციებსა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს, გაერთიანებებს ვინ აფინანსებს, გერმანია თუ თავად აშშ-ის საჯარო სახსრებით ან კერძო შემოწირულობებით ხდება? ზუსტად ეს არის სისტემა, რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, მოხდეს სამოქალაქო სექტორის დაფინანსება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში