საქართველოს პროკურატურის განცხადება ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებით

13 სექტემბერი 2024, 19:04 234 ნახვა

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის ინტერვიუს, თითქოსდა მასთან დაკავშირებით აბსურდული საფუძვლით, სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2024 წლის 23 იანვარს, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მათი კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ხოლო 2024 წლის 1 მარტს საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. აქედან გამომდინარე, სატელევიზიო ეთერით გიორგი ჩიკვაიძის განცხადება თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა და შემდგომ ხელახლა დაიწყო, არის სიცრუე.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ელთ ბილდინგის“ მშენებარე კომპლექს „მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან. მეტი დამაჯერებლობისთვის, ხსენებულმა პირებმა „ელთ ბილდინგთან“ გააფორმეს საცხოვრებელი აპარტამენტების შეძენის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და განახორციელეს მხოლოდ პირველი შენატანის გადახდა 500 - 500 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მალევე ნასყიდობის ხელშეკრულება თანხის გადაუხდელობის გამო გაუქმდა. შპს „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელი პირების ნდობის მოპოვების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს განუცხადეს, რომ მათ კუთვნილ კომპანიას „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“ კავშირი ჰქონდა იახტების მწარმოებელ ცნობილ იტალიურ კომპანიასთან და შეეძლოთ იახტის ჩამოყვანა შპს „ელთ ბილდინგისთვის“. მას შემდეგ, რაც იახტა ჩამოვიდოდა ქ. ბათუმში და გაფორმდებოდა „ელთ ბილდინგის“ სახელზე, „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმი“ იახტას იჯარით, 3 წლით აიღებდა და ყოველწლიურად შპს „ელთ ბილდინგს“ იჯარის საფასურს გადაუხდიდა.

2022 წლის 10 სექტემბერს შპს „ელთ ბილდინგსა“ და „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ და იახტის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 აგვისტო. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

ასევე მოგვიანებით, გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, მხარეები შეთანხმდნენ იახტის სხვა მოდელზე, ამასთან, გადაიწია მიწოდების ვადამაც, კერძოდ განისაზღვრა 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდი და მიწოდების ადგილად შეირჩა ესპანეთი, ალიკანტე. ამის შემდგომ, ასევე გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, არაერთხელ შეიცვალა შეთანხმება მიწოდების ვადებთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე აღნიშნული ვადის გადაწევა ხდებოდა.

2022 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, შპს „ელთ ბილდინგმა“ შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის“ ანგარიშზე ჩარიცხა იახტის ღირებულების საფასური 1 155 019 ლარი, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. აქედან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის კუთვნილი კომპანიის მიერ იახტის შეძენა არ მომხდარა. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი თანხას დაუბრუნებდნენ „ელთ ბილდინგს“ და 2023 წლის 21 დეკემბერს, ირაკლი პაპიაშვილმა „ელთ ბილდინგის“ ანგარიშზე მხოლოდ 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა. 

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო - თითოეულს 50 000 ლარის ოდენობით და საზღვრის კვეთის აკრძალვა. საქმის არსებითი განხილვა ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები არის სიცრუე და ემსახურება საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით. რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ადვოკატის მხრიდან თანხის გამოძალვის ფაქტზე, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ზეგავლენით ვაჭრობის შესაძლო ფაქტზე და გიორგი ჩიკვაიძე შესაბამისი ჩვენების მისაცემად დაბარებული იქნება საგამოძიებო უწყებაში" -.განმარტავენ პროკურატურაში. 

სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს საქართველოს პროკურატურა დღეს გაასაჯაროებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში