ნატოს უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად მეტის გაკეთება შეეძლო - იენს სტოლტენბერგი

14 სექტემბერი 2024, 12:53 280 ნახვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს მეტის გაკეთება შეეძლო, რათა თავიდან აეცილებინა რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

„ჩვენ ახლა უკრაინას სამხედრო ტექნიკას ომის საწარმოებლად ვაწვდით, მაშინ, როცა შეგვეძლო სამხედრო ტექნიკა მიგვეწოდებინა ომის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, ნატო-მ უარი თქვა, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის, რომელსაც კიევი ითხოვდა და ეს რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის შიშის გამო მოხდა.

„ვნანობ, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა და თავად ნატო-მ უფრო ადრე მეტი არ გააკეთეს უკრაინის გასაძლიერებლად. უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, რუსეთის თავდასხმის შემაკავებელი ბარიერი უფრო მაღალი იქნებოდა. შეაკავებდა თუ არა ეს რუსეთს, ამის თქმა შეუძლებელია. როდესაც პირველად ვეწვიე უკრაინას 2015 წელს, მე ვესტუმრე იქაურ საწვრთნელ ცენტრს. აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი იქ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ; ჩვენ, როგორც ნატო, ამას არ ვაკეთებდით. საერთო ჯამში, ჩვენი წვრთნა და აღჭურვილობა საკმაოდ შეზღუდული იყო. ჩვენ შეგვეძლო, გაცილებით მეტი გაგვეკეთებინა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი, მხოლოდ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.

„იმისათვის, რათა ეს ომი დასრულდეს, გარკვეულ ეტაპზე, მოსკოვთან დიალოგის გამართვა საჭირო გახდება, თუმცა, ის უკრაინის სიძლიერეს უნდა ეყრდნობოდეს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგი, ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტს, 2014 წლიდან იკავებს. ოქტომბერში მას ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე შეცვლის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში