საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს - შსს

18 სექტემბერი 2024, 11:22 297 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

„მათ არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში