შესაძლებელია, უკრაინა ნატო-ს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს - იენს სტოლტენბერგი

05 ოქტომბერი 2024, 10:05 311 ნახვა

არსებობს შესაძლებლობა, უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს, - ამის შესახებ, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, არსებობს მეხუთე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების გზები უკრაინის შემთხვევაში, თუკი ის ოკუპირებული ტერიტორიებით ალიანსის წევრი გახდება.

„სახიფათოა შედარება, რადგან არავითარი პარალელები არ არის 100%-ით სწორი, მაგრამ, აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიები აქვს იაპონიისთვის. თუმცა, ის არ ვრცელდება კურილიის კუნძულებზე, რომელსაც იაპონია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და რუსეთის მიერაა კონტროლირებადი“, – ამბობს იგი.

სტოლტენბერგი მეორე მაგალითად ასახელებს დასავლეთ გერმანიას, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიას თავის ნაწილად განიხილავდა, „თუმცა, ნატო იცავდა მხოლოდ დასავლეთ გერმანიას“.

„ნება როდესაც არსებობს, არსებობს საშუალებები გამოსავლის მოსაძიებლად. მაგრამ საჭიროა საზღვარი, რომელიც განსაზღვრავს, რა დროს გამოიყენება მე-5 მუხლი და უკრაინა უნდა აკონტროლებდეს მთელ ტერიტორიას ამ საზღვრამდე“, – აღნიშნა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში