ისრაელი ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას აუცილებლად უპასუხებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

06 ოქტომბერი 2024, 10:02 302 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას აუცილებლად უპასუხებს.

როგორც იგი აცხადებს, ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი

„ირანმა ჩვენი ტერიტორიისა და ქალაქების მიმართულებით ორჯერ გაუშვა ასობით რაკეტა – ისტორიაში ბალისტიკური რაკეტებით ერთ-ერთი უმსხვილესი თავდასხმა. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ შეეგუებოდა ასეთ თავდასხმას თავის ქალაქებსა და მოქალაქეებზე, არც ისრაელის სახელმწიფო შეეგუება. ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუმ, ასევე, გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს.

„ყველა ცივილიზებული ქვეყანა მტკიცედ უნდა იდგეს ისრაელის გვერდით. თუმცა, პრეზიდენტი მაკრონი და ზოგიერთი სხვა დასავლელი ლიდერი ახლა მოუწოდებენ ისრაელზე იარაღის ემბარგოსკენ, სირცხვილი მათ! ირანი აწესებს იარაღის ემბარგოს „ჰეზბოლაზე,“ ჰუსიტებზე, „ჰამასზე“ და მის სხვა მოკავშირეებზე? – რა თქმა უნდა, არა. ეს ტერორის ღერძი ერთად დგას. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც თითქოს ეწინააღმდეგებიან ამ ტერორის ღერძს, მოუწოდებენ ისრაელზე იარაღის ემბარგოსკენ. რა სირცხვილია! მოდი, ასე გეტყვით: ისრაელი გაიმარჯვებს მათი მხარდაჭერით თუ მის გარეშე, მაგრამ მათი სირცხვილი გაგრძელდება ომის მოგების შემდეგაც“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში