თავიდანვე კარგად გვქონდა გააზრებული, რომ რუსეთისთვის სანქციები რეალურად ნიშნავდა სანქციებს ჩვენს თავზე, ქვეყანაზე, ხალხზე - ირაკლი ღარიბაშვილი

09 ოქტომბერი 2024, 15:46 241 ნახვა

მოწოდება, რომელიც ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არის მოწოდება რეალურად ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ანუ მოგვიწოდებენ, მივიღოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან საქართველოს მიერთების შესახებ მოთხოვნაზე.

„ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ორი წლის წინ ჩვენ რომ დაგვეწესებინა, მაშინ ამხელა აჟიოტაჟი რომ ატეხეს, გახსოვთ, მაშინ გამოვედი, ჩვენი გუნდის სახელით ვთქვი, რომ ჩვენ არ მივუერთდებობით ასეთი ტიპის სანქციებს და რატომ – ჩვენ თავიდანვე კარგად გვქონდა გააზრებული, რომ სანქციების დაწესება რეალურად ნიშნავდა სანქციების დაწესებას ჩვენს თავზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არათუ ათი პროცენტით გაიზრდებოდა, არამედ ათპროცენტიანი ვარდნა ექნებოდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონიმიკას. მოგეხსენებათ, რომ ამ წლისთავზე შეიძლება, ჩვენი ეკონომიკა შემცირებულიყო უკვე 20-30 პროცენტითაც კი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა აღნიშნული რეალური საფრთხეები თავიდანვე რომ დაინახა და გათვალა, სწორედ ამიტომ განაცხადა, რომ არ მიუერთდებოდა სანქციებს.

„ამას გარდა, კარგად იცით, რომ ამის მიუხედავად, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ სანქციების გვერდის ავლაში ვინმეს დავეხმარეთ. ყველაფერი იყო აბსოლუტურად გამჭვირევალედ, ძალიან მაღალი პროფესიონალური საქმე გაკეთდა ჩვენი სახელმწიფო უწყებების მხრიდან და ეს მოწოდება, რომელიც თქვენ ნახეთ, არის მოწოდება რეალურად ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ანუ მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ მივიღოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. ამას არასოდეს გავაკეთებთ, მიუხედავად ამ უაზრო რეზოლუციებისა და მსგავსი ტიპის ჩარევებისა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში