გივი თარგამაძის ამფეთქებელმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით მოქმედებდა - პროკურატურა

11 ოქტომბერი 2024, 12:10 377 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი შოთა ჭიჭიაშვილს დაავალა, რომელმაც საქმეში, თავის მხრივ, დარჩო ხეჩუაშვილი ჩართო. ამის შესახებ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში  გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხა  მსჯავრდებული დარჩო ხეჩუაშვილი, რომელმაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს დარჩო ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს ვინმე „დიმას“ (დიმიტრი), რომელმაც მას შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის დანაბარები გადასცა ჭიჭიაშვილთან შეხვედრის თაობაზე. მსჯავრდებულის თქმით, მას შოთა ჭიჭიაშვილთან წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას დათანხმდა.

შოთა ჭიჭიაშვილმა შეხვედრისას მსჯავრდებულს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გია ლორთქიფანიძის ერთად, უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ჭიჭიაშვილის თქმით, სააკაშვილმა შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის  კონტროლი და თვალთვალი დაავალა.

თავის მხრივ შოთა ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დარჩო ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და   გადაადგილების კონტროლი დაიწყო.
დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებით, ისინი გივი თარგამაძეს თავდაპირველად მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით უთვალთვალებდნენ, ხოლო შემდეგ „დიმამ“ ხეჩუაშვილის კუთვნილი ავტომანქანის იდენტური, ტრანზიტული სანომრე ნიშნების მქონე სხვა ავტომანქანა მიიყვანა და ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ეს კონკრეტული მანქანა გადასცეს, რომელსაც თვალთვალის დროს ძირითადად ხეჩუაშვილი მართავდა.

მსჯავრდებულის განცხადებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ 2016 წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფმა დარჩო ხეჩუაშვილმა ტელეფონის საშუალებით აცნობა შოთა ჭიჭიაშვილს, რომ გივი თარგამაძე  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. მას შემდგომ, რაც გივი თარგამაძემ დატოვა პარტიის ოფისი და ჩაჯდა ავტომანქანაში, აღნიშნულის შესახებ მსჯავრდებულმა  კვლავ მიაწოდა ინფორმაცია შოთა ჭიჭიაშვილს, რის შემდეგაც  გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. ავტომანქანის აფეთქების შემდგომ ხეჩუაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს შეატყობინა    გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების თაობაზე, რის შემდგომაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, საქართველოს ტერიტორია დატოვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა.  

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დარჩო ხეჩუაშვილი,დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის,  სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა შენახვა ტარების ფაქტებზეა მსჯავრდებული და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით"- განმარტავენ პროკურატურაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში