ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში - ირაკლი ქარსელაძე

11 ოქტომბერი 2024, 15:01 355 ნახვა

დღეს გაიხსნა გზა, რომლის მშენებლობის პროცესი მრავალი გამოწვევის ფონზე მიმდინარეობდა. ურთულეს გეოლოგიურ პირობებში, სხვადასხვა ტიპის გამოწვევის გადალახვით, აშენდა 14 კმ-იანი, ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდსა და 5 გვირაბს, არის სრულ შესაბამისობაში საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე ნორმებთან და სტანდარტებთან და აღჭურვილია საგზაო განათების სისტემით, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

შემოვლითი გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან სრულად განტვირთავს ქალაქს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში. შემოვლით გზაზე მოწყობილია 4 სატრანსპორტო კვანძი, რომლითაც ტრანსპორტს საშუალება აქვს, დაუკავშირდეს როგორც მიმდებარე სოფლებს, ისე ბათუმში შესასვლელ მთავარ ქუჩებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამდე, ტრანსპორტი, მათ შორის, საერთაშორისო სატრანზიტოც, საცხოვრებელ და ტურისტულ ზონაში მოძრაობდა, რაც ართულებდა მიმოსვლას და ქმნიდა საცობებს.

„ძველ გზაზე მოძრავი ტრანსპორტის 43% ბათუმის შემოვლითი გზით იმოძრავებს და იდეალურ შემთხვევაში, დაახლოებით ოთხჯერ ნაკლები დრო – 8-9 წუთი იქნება საჭირო მახინჯაურიდან ხელვაჩაურამდე მანძილის დასაფარად“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში. ამასთან, ბევრად გაუმჯობესდება კავშირი გონიოსთან, კვარიათსა და სარფთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში