გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის მიღება ევროკავშირში შეაჩერეს, რადგან აღარ ექნებოდათ მორალური უფლება საქართველოსთვის მოეთხოვათ ამ კანონის გამოხმობა - პრემიერი

11 ოქტომბერი 2024, 14:35 256 ნახვა

ძალიან საინტერესო დეტალია, ევროკავშირში დაინიცირდა გამჭვირვალობის კანონი, იმის ანალოგიური კანონი, რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოში და რასაც, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლებმა უწოდეს რუსული კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირდაპირ, განმარტებით ბარათში უწერიათ, იმის გამო შეაჩერეს ევროკავშირში ანალოგიური კანონის მიღება, რომ მერე აღარ ექნებოდათ მორალური უფლება საქართველოსთვის მოეთხოვათ ამ კანონის გამოხმობა.

„ეს ხომ ყველაფრის ლუსტრაციაა, ხალხი პირდაპირ აღიარებს, რომ კანონი არის კარგი, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში ეს კანონი არ უნდა მოქმედებდეს, თავადაც არ იღებენ ამ კანონს. ეს ყველაფერი აშიშვლებს სინამდვილეში იმ ფარსს, რაც ქართული საზოგადოების ნაწილს მოახვიეს თავს შარშან და შემდეგ უკვე წელს. სინამდვილეში, კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, თან ეს კანონი მიღებულ იქნა, შეგახსენებთ, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით. ეს კონტექსტი იყო რა, რომ „ენჯეოების“ მონაწილეობით ორჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა.

შესაბამისად, ამ ფონზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი მართალია არ არის კანონი რევოლუციის წინააღმდეგ, მაგრამ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ ყველას ვეუბნებით, მათ შორის კონკრეტულ უცხოურ სუბიექტებს – კი ბატონო, სცადეთ საქართველოში რევოლუციის მოწყობა, რა თქმა უნდა, ეს მცდელობები იქნება წარუმატებელი, მაგრამ კეთილი ინებეთ და თუ გინდათ საქართველოში სცადოთ რევოლუციის მოწყობა, ეს გააკეთეთ გამჭვირვალედ. ეს წერია კანონში გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც უწოდეს რუსული კანონი. ეს იყო საუკუნის აფიორა, ასე თამამად შეიძლება ვუწოდოთ ამ პროცესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში