მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

20 ოქტომბერი 2024, 10:58 274 ნახვა

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი მიმდინარეობს.

ამომრჩევლები, გარდა იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ, პასუხობენ რეფერენდუმის შეკითხვას, "მხარს უჭერენ თუ არა კონსტიტიციურ ცვლილებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით".

კანდიდატი, რომელიც ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს, ქვეყნის პრეზიდენტი გახდება.

სხვა შემთხვევაში კი, ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მოლდოვას პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, ამჟამინდელი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ. მისი მთავარი ოპონენტი, რომელსაც მხარს უჭერს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლოა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არჩევნებში, სწორედ, ეს ორი კანდიდატი ლიდერობს.

მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო. იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, 33%-იანი აქტივობა მაინც უნდა დაფიქსირდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში