მსჯავრდებულები ჭადრაკის მეოთხე ინტერკონტინენტურ გუნდურ ჩემპიონატში ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდნენ - პენიტენციური სამსახური

21 ოქტომბერი 2024, 19:17 290 ნახვა

ჭადრაკის მეოთხე ინტერკონტინენტურ გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს პენიტენციური სისტემის არასრულწლოვანთა, ქალთა და კაცთა მონაწილე გუნდები ნახევარფინალურ ეტაპზე  გადავიდნენ - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.  

“პატიმართა შორის ჭადრაკის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი საჭადრაკო ორგანიზაცია FIDE-ს ორგანიზებით მიმდინარე წლის 8-10 ოქტომბერს ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე  ჩატარდა. მიმდინარე წელს აღნიშნულ ტურნირში რეკორდულმა რაოდენობამ – 100-მდე ქვეყნის მსჯავრდებულებისგან დაკომპლექტებულმა 130-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 

ჩემპიონატამდე შიდა შესარჩევი ტურნირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები კი,  მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად წელს საერთაშორისო ოსტატმა სოფიო ტერელაძემ მოამზადა.

საქართველოს პენიტენციური სისტემა FIDE-ს პროექტს „ჭადრაკი თავისუფლებისთვის“ უკვე ოთხი წელია, შეუერთდა. პროექტის ფარგლებში, 2021 წელს საქართველოს ქალთა გუნდმა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რომელმაც ფინალურ ბრძოლაში რუსეთის გუნდი დაამარცხა და გაიმარჯვა; 2022 წელს 46 ქვეყანას შორის პატიმარ კაცთა გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს სპორტული აქტივობების ხელშეწყობას. ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია. პროექტის ფარგლებში დაწესებულებებში განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა და ინვენტარი, მსჯავრდებულები მონაწილეობენ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურნირებში; დაინერგა სპორტული პროგრამები, რომლებიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ტრენერებად, ფიტნესინსტრუქტორებად, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ დასაქმებასა და საზოგადოებაში ეფექტურ რეინტეგრაციაში დაეხმარება”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში