შემდეგ პერიოდში ვნახავთ წნეხის მოხსნას და ლარის კურსი შეინარჩუნებს სტაბილურ ნიშნულს - ლევან დავითაშვილი

28 ოქტომბერი 2024, 13:18 263 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ლარის კურსის არასტაბილურობას არჩევნებამდე არსებული წნეხითა და გაუგებრობით ხსნის.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის ნაბიჯი, კურსის შესანარჩუნებლად რეზერვების გაყიდვასთან დაკავშირებით, არის სწორი.

„ეროვნული ბანკის მიდგომებსა და პოლიტიკას სრულად მინდა მხარი დავუჭირო. ეს გადაწყვეტილებები, რეზერვების გაყიდვა იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური სტაბილურობა იმ პერიოდში, როცა ამის საჭიროება ყველაზე მეტად იდგა. არჩევანის გაკეთებამდე იყო წნეხი, ბუნდოვანება თუ გაურკვევლობა, ხოლო არჩევანის გაკეთების შემდეგ ასეთი ბუნდოვანება და წნეხი მოიხსნა. პირიქით, იქნება სიცხადე და იქნება აბსოლუტურად დადებითი ტენდენციები.

რეზერვებს, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია, სწორედ ასეთი ფუნქცია აქვთ, ასეთი როლის შესრულება შეუძლიათ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა იმ შოკების დროს, ისეთი გამოწვევების დროს, რომელიც ჩვენ გვქონდა. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ფაქტორებიდან, ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე. მიზეზის მიუხედავად, ზუსტად ამისთვის უნდა გამოიყენონ რეზერვები, რომ საბოლოოდ გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ. შემდეგ პერიოდში ვნახავთ წნეხის მოხსნას. კურსი ნამდვილად შეინარჩუნებს სტაბილურ ნიშნულს, რომელიც ჩვენ კურსს გააჩნია. იმიტომ, რომ ყველა სხვა პარამეტრი არის ჯანსაღი ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო კარგი ტემპით გააგრძელებს წინსვლას. წლის ბოლო კვარტალი იქნება ერთ-ერთი კარგი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში