საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

30 ოქტომბერი 2024, 14:00 341 ნახვა
 

2025 წლის აპრილიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss-ი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან ორწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

„2025 წლიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე, გლობალური საავიაციო ჯგუფის წარმომადგენელი კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ციურიხი – სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან არ განხორციელებულა ფრენები. ავიაკომპანია Edelweis-ი ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენს მიზანს შვეიცარიიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა წარმოადგენს“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Edelweiss-ი 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს. ბილეთების ყიდვა Edelweiss-ისა და Swiss International Airlines-ის ვებგვერდებზე უკვე შესაძლებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში