გაცილებით მეტი მუშაობაა საჭირო სპეციალური დეტალებისა და რესურსების ექსპორტის კონტროლზე, რათა რუსეთს არ მიეცეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება - ზელენსკი

03 ნოემბერი 2024, 14:28 227 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოქტომბერში უკრაინას თავს დაესხნენ „შაჰედებით“, რომლებშიც 170 ათასი უცხოური წარმოების კომპონენტი იყო გამოყენებული.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსები კვლავ იყენებენ ჩინური, ევროპული და ამერიკული კომპანიების მიერ დამზადებულ კომპონენტებს „შაჰედებისა“ და რაკეტებისთვის.

„ოქტომბერში უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 2000-ზე მეტი „შაჰედი“ გამოიყენეს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად. ეს არის 170 ათასზე მეტი კომპონენტი, რომელთა მიწოდებაც რუსეთისთვის უნდა იყოს ბლოკირებული. მიკროსქემები, პროცესორები, მრავალი სხვადასხვა დეტალი, რომელთა გარეშეც ეს ტერორი, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა. ყველაფერი ეს რუსეთს საზღვარგარეთიდან მიეწოდება და, სამწუხაროდ, ეს ხდება ჩინური, ევროპული და ამერიკული კომპანიებისგან – მრავალი მიკროწვლილი მუდმივ რუსულ ტერორში. ეს, კვლავ, აბრუნებს მსოფლიოს იმის აუცილებლობასთან, რომ გაცილებით მეტი მუშაობაა საჭირო სპეციალური დეტალებისა და რესურსების ექსპორტის კონტროლზე, რათა რუსეთს არ მიეცეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება. იგივე ხდება „შაჰედებსა“ და რუსულ რაკეტებთან დაკავშირებით. ყველა მათგანი შეიცავს სხვა ქვეყნებში წარმოებულ კომპონენტებს“, – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„სანქციების გვერდის ავლის ყოველი სქემა დანაშაულია ხალხისა და მშვიდობის წინააღმდეგ. სწორედ, ასეთი სქემები აძლევს რუსეთს საშუალებას, ასევე, დაეხმაროს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმების გაძლიერებას. ეს გლობალური საფრთხეა და მხოლოდ გლობალური, სპეციალური ზეწოლით შეიძლება ამის დაძლევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.​​​​​​​​​

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში