ქვეყანაში ძირითადად რინოვირუსია გავრცელებული, მიმდინარე წელს გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების 2-ჯერ ნაკლები შემთხვევა გვაქვს - ივანე ჩხაიძე

05 ნოემბერი 2024, 14:34 286 ნახვა

ახლა ძირითადად რინოვირუსია ქვეყანაში გავრცელებული. რა თქმა უნდა, შემთხვევების მატება აღინიშნება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების 2-ჯერ ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს 2022 წელს იყო.

„ახლა ძირითადად რინოვირუსია ქვეყანაში გავრცელებული. პარაგრიპის ვირუსიც არის გავრცელებული, ძველი კორონავირუსი და ასე შემდეგ. გრიპის ვირუსის ერთეული შემთხვევაა, ჯერ ეს სტატისტიკაში არ მოხვედრილა. ახლა დაფიქსირდა ეს შემთხვევა. რა თქმა უნდა, შემთხვევების მატება აღინიშნება, მაგრამ მომატების დონე არ არის უფრო მაღალი, ვიდრე ეს იყო გასულ წელს.

 

ზოგადად, გრიპის პირველი შემთხვევის გამოჩენიდან ყოველ კვირეულად ხდება მატება, პიკი კი დეკემბერ-იანვარშია, შემდეგ ყოფილა პერიოდი, როდესაც იანვრის შემდეგ, თებერვალ-მარტში შემცირებულა გრიპის შემთხვევები, მარტსა და აპრილში კი დაფიქსირებულა პიკი. გასული წელი უჩვეულო იყო, შემთხვევების მატება დაიწყო ნოემბერში და დასრულდა ივლისში, ივლისში იყო გრიპის ბოლო შემთხვევა დადასტურებული“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში