ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საუბარი გვექნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე - ირაკლი კობახიძე

07 ნოემბერი 2024, 13:49 223 ნახვა

ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, აქ იკრიბება ყველა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე ტარდება ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება.

პრემიერის თქმით, მას გამოსვლა ექნება როგორც თემატურ პანელზე, ასევე პლენარულ სესიაზე.

„მე მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ასევე, გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. ყველა თემაზე გვექნება საუბარი, მათ შორის ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამასთან, გვექნება საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ეს იქნება ჩემი გამოსვლის მთავარი თემა“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში