როინ შავაძის საქმეზე აჭარის კუდ-ის კიდევ სამი ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

08 ნოემბერი 2024, 17:25 395 ნახვა
 

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ აჭარის კუდ-ის კიდევ სამი ყოფილი თანამშრომელი ცნო დამნაშავედ და მათ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სამი მსჯავრდებულიდან – გელა გვიანიძე და ასლან ინაიშვილი აჭარის კუდ-ის სპეცრაზმელები, მალხაზ აბულაძე კი, აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. მალხაზ აბულაძე ძებნაში იმყოფება, რის გამოც სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, სწორედ ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე მონაწილეობდნენ სერჟანტის ჯერ უკანონოდ დაკავებაში და შემდეგ - სასტიკ მკვლელობაში.

განაჩენის გამოცხადებას შავაძის მეუღლეც ესწრებოდა. ციცინო შავაძის განცხადებით, პასუხისგებაში 13 პირი მიეცა, თუმცა მხოლოდ შემსრულებლები არიან. მისი თქმით, დანაშაულის ორგანიზატორები, მაშინდელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებიც, უნდა დაისაჯონ.

შეგახსენებთ, რომ როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ დაკავებული შავაძე გაქცევას ცდილობდა და სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობა კი საპასუხო სროლებმა გამოიწვია. თუმცა, 2020 წლის ნოემბერში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ძალის გამოყენება არამართლზომიერად მოხდა, რასაც შავაძის სიცოცხლე შეეწირა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში