უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან - ჯოზეფ ბორელი

10 ნოემბერი 2024, 10:20 220 ნახვა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ კიევში მისი ვიზიტის მიზანი აშშ-ის არჩევნების შემდეგ, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურებაა.

„ეს არის ვიზიტი მკაფიო მიზნით, რომელიც მომდინარეობს ბუდაპეშტში ევროკავშირის საბჭოს სხდომიდან, აშშ-ის არჩევნების შემდეგ. ამ ვიზიტის მკაფიო მიზანია უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის ხაზგასმა. ეს მხარდაჭერა ურყევი რჩება და ეს თქვენთვის აბსოლუტურად აუცილებელია, რათა გააგრძელოთ თავდაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანდრეი სიბიგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, უნდა შემცირდეს დაწესებული წითელი ხაზები უკრაინისთვის.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი და უფრო სწრაფად. მეტი სამხედრო მხარდაჭერა, წვრთნების მეტი შესაძლებლობა, მეტი ფული, უფრო სწრაფი მიწოდება და ასევე მტრის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების ნებართვა. არ არის საკმარისი ისრების შეჩერება, თქვენ უნდა დაესხათ თავს მეისრეებს. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მიწოდება და შევამციროთ ჩვენ მიერ დაწესებული წითელი ხაზები. ნაკლები თვითდაწესებული წითელი ხაზი, რადგან უკრაინისთვის დრო იზომება ადამიანების სიცოცხლით“, – განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„მშვიდობის მიღწევის მრავალი გზა არსებობს, თუმცა ერთადერთი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია მკაფიოა: უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ, ევროკავშირი ამ საკითხში მტკიცედ ვდგავართ თქვენ გვერდით, თუმცა ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. პუტინს არ სურს მოლაპარაკებები და არ წავა მოლაპარაკებებზე, ვიდრე მას ამას არ აიძულებენ“, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ისაუბრა უკრაინის ევროინტეგრაციაზეც.

„უკრაინა დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, რაც 35 წლის წინ რთული წარმოსადგენი იყო. ახლა თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრად გახდომის გზაზე. ეს არის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფაც შეგვიძლია. დამიჯერეთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაგეხმაროთ რეფორმებში, რომლებიც საჭიროა, რათა წევრობა რეალობად იქცეს“, – განაცხადა მან.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში