რესპუბლიკელთა სტრატეგი, ბრაიან ლანზა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სახელით არ საუბრობდა - ტრამპის ოფისი

10 ნოემბერი 2024, 10:46 246 ნახვა

დონალდ ტრამპის ოფისში აცხადებენ, რომ რესპუბლიკელთა სტრატეგი, ბრაიან ლანზა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სახელით არ საუბრობდა 

„ბრაიან ლანზა საარჩევნო შტაბის კონტრაქტორი იყო. ის არ მუშაობს პრეზიდენტ ტრამპისთვის და არ საუბრობს მისი სახელით“, – აცხადებენ ტრამპის ოფისში.

ბრაიან ლანზამ, რომელიც რესპუბლიკელთა სტრატეგი 2016 წლიდანაა, თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პრეზიდენტ ზელენსკის სთხოვს, „მშვიდობის რეალისტური გეგმა“ წარადგინოს. მისი თქმით, ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება მშვიდობის აღდგენა და არა ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის, ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

„პრეზიდენტი ზელენსკი თუ მოვა მაგიდასთან და იტყვის, რომ ჩვენ მშვიდობა შეიძლება გვქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ყირიმი, ის გვაჩვენებს, რომ არ არის სერიოზულად განწყობილი. ყირიმი აღარ არის“, – განაცხადა ლანზამ.

დონალდ ტრამპის გარდამავალი ოფისის განცხადების შემდეგ, „ბიბისიმ“ სტატიაში შესწორებები შეიტანა. კერძოდ, ბრაიან ლანზა მოხსენიებულია როგორც ტრამპის მოკავშირე და ყოფილი მრჩეველი. სტატიის ბოლოს კი აღნიშნულია, რომ ბრაიან ლანზამ არჩევნების შემდეგ ტრამპის საარჩევნო შტაბის მრჩევლად მუშაობა შეწყვიტა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში