პრემიერ-მინისტრმა COP29-ის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - Energy: Advancing Climate Mitigation Action

12 ნოემბერი 2024, 16:12 217 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – Energy: Advancing Climate Mitigation Action. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად, ახორციელებს საკანონმდებლო რეფორმებსა და ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში.

"პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მოქმედ კანონზე განახლებადი ენერგიის შესახებ, რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის გაძლიერებას და განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირში, შეამცირებს ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებულებას და ენერგეტიკული პორტფელის დივერსიფიცირებას უზრუნველყოფს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ნაბიჯების გადადგმას, რომლის შედეგად ქვეყანაში ელექტროენერგიის ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, ნახშირბადის ემისია შემცირდება და ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება"- განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში