გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, შავი ზღვის კაბელები, საბორნე მიმოსვლა უზრუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაში - პრემიერი

12 ნოემბერი 2024, 17:05 235 ნახვა

საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის იდეისადმი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ COP29-ის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – Energy: Advancing Climate Mitigation Action განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას, აერთიანებს ქსელს მეზობელ ქვეყნებთან და მოქმედებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად.

„საკანონმდებლო რეფორმებით, მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებითა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებით წინ მივიწევთ ამ გარდაქმნის გზაზე.

 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მივიღეთ კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, ხოლო 2022-2023 წლებში შევიმუშავეთ 15 კანონქვემდებარე აქტი სხვადასხვა სექტორში ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. კანონში ცვლილებები 2024 წელს შევიდა და ის უკვე ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, რადგან ახალი მშენებლობებისგან – გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილებას, ხოლო არსებული შენობებისგან სავალდებულო სტანდარტის დაცვას მოითხოვს.

 

საქართველომ ასევე დაამტკიცა კანონი განახლებადი ენერგიის შესახებ და 8 კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც განახლებადი ენერგიის მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად; დაგეგმილია ბიოსაწვავის რეგულირება და განახლებადი ენერგიის მონტაჟის სერტიფიცირება 2025 წლამდე. გარდა ამისა, გერმანიისა და აზიის განვითარების ბანკების მხარდაჭერით ვიკვლევთ მწვანე წყალბადის შესაძლებლობებს, ხოლო მსოფლიო ბანკთან ერთად შემუშავებული „მწვანე ზრდის სტრატეგიის“ განხორციელება 2023 წელს დავიწყეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ.

"ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე, როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით, არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში