ბათუმის საქალაქო სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის სარჩელებს განიხილავს

14 ნოემბერი 2024, 15:01 294 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინააღდეგ მოქალაქეთა გაერთიანება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის სარჩელს განიხილავს”. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის ის შუამდგომლობა, რომლითაც მხარე სასამართლო დარბაზში ხმის მთვლელი ვერიფიკაციის აპარატის ექსპერიმენტის ჩატარებას და ბიულეტენის ნიმუშის მტკიცებულების სახით დართვას ითხოვდა.

მოსამართლემ განმარტა, რომ თავად მოპასუხე მხარე ადასტურებს, უბანზე გამოყენებული ბიულეტენის ნიმუშის ფორმატი შესაბამისობაში არ მოდის, რაც შეეხება ხმის მთვლელი ვერიფიკაციის აპარატის სასამართლოზე ექსპერიმენტის ჩატარებას, მოსამართლემ თქვა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს და სხვა სასამართლოების პრაქტიკა მოიშველია.

შუამდგომლობებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხე მხარე. უსკოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სხვა სასამართლო პრაქტიკამაც აჩვენა რომ ფარულობის პრინციპი არ იყო დარღვეული და ეს ექსპერიმენტი ახალს არაფერს დაადგენდა. 

მოსარჩელე ასევე ითხოვს სხდომაზე იმ პირების მოწმის სახით გამოკითხვას, რომლებმაც საარჩევნო უბანზე სხვადასხვა ხასიათის დარღვევები დააფიქსირეს.  ერთიანობა ნაციონალური  მოძრაობის მიერ გასაჩივრებულია უმაღლესი საარჩევნო  კომისიის ის განკარგულება, რომლის თანახმადაც უსკომ ენმ-ს   6-ვე  ოლქის  შემაჯამებელი ოქმების გაუქმებაზე უარი უთხრა.

ერთიანობა  ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა პროცედურულ და სამართლებრივ  დარღვევებს, ასევე არ იყო დაცული ფარულობის პრინციპი და ამომრჩეველს თავისუფალ გარემოში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში