შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას დაკავებულია 16 პირი - მათგან 3 ხელწერილით გაათავისუფლეს

19 ნოემბერი 2024, 12:05 252 ნახვა

ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე მიმდინარე აქციაზე 16 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან სამი ხელწერილით გაუშვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი რჩება დაკავებული.

შეგახსენებთ, მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში.

შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც სამართალდამცველები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში