პროკურატურამ აქციის მონაწილეს, რომელსაც პოლიციელებზე ჯოხით თავდასხმას ედავებიან, ბრალდება წარუდგინა

22 ნოემბერი 2024, 11:22 267 ნახვა

პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში