არჩევნების შედეგებს ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ისევ არ აღიარებენ და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს ატარებენ. თუმცა მთავარი საპროტესტო ტალღა, როგორც ამას თავად ამბობენ, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად იქნება. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ და მანდატებზე უარს ამბობენ.
მმართველი გუნდი კი ისევ დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვება და მანდატებზე უარს არ იტყვის. რაც შეეხება პროტესტს, უმრავლესობაში ამბობენ, რომ პროტესტის პარალელურად პირველი სხდომა დღის წესრიგის მიხედვით ჩატარდება და ქვეყანა განვითარებას გააგრძელებს.