ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

26 ნოემბერი 2024, 16:12 342 ნახვა

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა უსკოს თავმჯდომარემ - პარმენ ჯალაღონიამ გახსნა და სიტყვა, უმაღლესი საბჭოს უხუცეს წევრს, დავით თედორაძეს გადასცა, რომელიც სხდომას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა.

სხდომაზე, აირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი  და დროებითი სამანდატო კომისიები, რის შემდეგაც უსკოს თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 11 საარჩევნო სუბიექტიდან,  კანონმდებლობით დადგენილი 5%-იანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ.  ყველაზე მეტი - 13 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, 4 მანდატი აქვს - „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“, „გახარია საქართველოსთვის“ – 2, ,,კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას’’ და ,,ძლიერი საქართველო -ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის’’ თითო-თითო მანდატი ერგოთ.

დოკუმენტაცია უსკოს თავმჯდომარემ დავით თედორაძეს გადასცა.

შესვენების შემდეგ, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, ტიტე აროშიძემ  უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის თაობაზე დასკვნა წარმოადგინა. დადგენილების შესაბამისი პროექტი 13 ხმით დამტკიცდა. სხდომათა დარბაზში აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი.

მორიგი შესვენებისას იმსჯელეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ რეგისტრაციის, მისი წესდების, პოლიტიკური პლატფორმისა და ხელმძღვანელი პირების თაობაზე. ფრაქციას გოგი ფუტკარაძე უხელმძღვანელებს, მოადგილეები კი - მამუკა თურმანიძე და მინდია დიასამიძე იქნებიან. დროებითმა სამანდატო კომისიამ იმსჯელა ასევე, კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების თაობაზე.  შესაბამისი ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს  განახლებულ სხდომაზე, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, ტიტე აროშიძემ წარმოადგინა.

კენჭისყრის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით გაბაიძის კანდიდატურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გოგი ფუტკარაძემ, ფრაქციის სახელით წარადგინა. დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველსა და პოლიტიკურ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ისაუბრა გასულ წლებში გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

დავით გაბაიძის კანდიდატურას, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც მან დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა.

დღესვე, კანონმდებლებმა, 13 ხმით აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი რამაზ ჯინჭარაძე.

სხდომაზე დაამტკიცეს დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარის, ტიტე აროშიძის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ. კომიტეტებში წევრთა რაოდენობა 6-ით განისაზღვრა, აქედან, 4 კვოტა გადანაწილდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე, 2 კი უმაღლესი საბჭოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებზე.

დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ ღია კენჭისყრით აირჩიეს კომიტეტების თავმჯდომარეები:

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს - ფრიდონ ფუტკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტს - ცოტნე ანანიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტს - დავით ბაციკაძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს - ტიტე აროშიძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს - მარინე გვიანიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - ვახტანგ ბერიძე უხელმძღვანელებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში