ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ არასავალდებულო რეზოლუცია დაამტკიცა

28 ნოემბერი 2024, 16:20 271 ნახვა

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ხუთი ჯგუფის მიერ წარდგენილი არასავალდებულო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, 72-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 82-მა კი, თავი შეიკავა.

დოკუმენტის სახელწოდებაა „საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისი ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და არჩევნების სავარაუდო გაყალბების შემდეგ“.

კენჭისყრის დროს ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციაში ერთი შესწორების შეტანას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს საკონსტიტუციო უფლება მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, გმობს იმ ფაქტს, რომ საქართველომ, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ქვეყანამ, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს ან მის როგორც ეუთო-ს წევრის ვალდებულებებს, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; ხაზს უსვამს, რომ არჩევნების სამართლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან; აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ არჩევნების ჩატარება იყო დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი გამოვლინება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

„მკაცრად გმობს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ მრავალრიცხოვან და სერიოზულ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის დაშინების, ხმების მანიპულირების, ბიულეტენების ჩაყრის, არჩევნების დამკვირვებლებსა და მედიაში ჩარევის დოკუმენტურ შემთხვევებს, სავარაუდო მანიპულირებას ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებთან დაკავშირებით, რომელიც იძლეოდა მრავალჯერადი ხმის მიცემის უფლებას პირადობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, მნიშვნელოვან დისბალანსს ფინანსურ რესურსებში, მოქმედი ხელისუფლების უპირატესობას და სერიოზული პროცედურული დარღვევების გამოძიების შეუსრულებლობა.

რეზოლუციის მიხედვით, ფართომასშტაბიანი საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას, შედეგების ლეგიტიმურობას, საზოგადოების ნდობას ნებისმიერი ახალი მთავრობის მიმართ და არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების საიმედო წარმომადგენლობას. აღიარებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცედ დაგმობას და მის გადაწყვეტილებას არ აღიაროს შედეგები; აფასებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად.

„ვინაიდან ხმის მიცემის ლეგიტიმურობას სერიზულად გამოუთხარა ძირი მასშტაბურმა დარღვევებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს შედეგები; შესაბამისად უარრყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მოუწოდებს ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ, ამასთან აღნიშნავს, რომ პროცესი უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო პირობებში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ყურადღებიანი საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი.

მხარს უჭერს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების მოწოდებას საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომლებსაც, როგორც იტყობინებიან, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს;

მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის შესახებ; მოუწოდებს EEAS-ს და ევროკომისიას, ჩამოაყალიბონ მისიის ფართო მანდატი, რომელიც სცილდება ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო ჩარჩოსა და მეთოდოლოგიას, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის საარჩევნო სადამკვირვებლო მეთოდოლოგიისგან, რადგან ეუთოს მეთოდოლოგიას ყოველთვის არ შეუძლია ადეკვატურად მოიცვას ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში არჩევნების დღემდე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა დაშინების და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის დამკვიდრებული სისტემა“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში აღნიშნულია მოწოდება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისადმი, „დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და ეს სანქციები გავრცელდეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის გამომტან მოსამართლეებზე; იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და გაიყინოს მთელი მისი აქტივები ევროკავშირში საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და ქვეყნის კონსტიტუციით დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის, მათ შორის ქვეყანაში რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობებისთვის“.

ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებისთვის და „მოუწოდებს ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული; მოუწოდებს ევროკავშირს, მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან“.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს საქართველოში, რომელიც იყო „ევროკავშირის პოზიციების დარღვევა და ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შელახვის კიდევ ერთი მცდელობა; ხაზს უსვამს, კიდევ ერთხელ, რომ პრემიერ-მინისტრი ორბანი არ საუბრობდა ევროკავშირის სახელით“.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში