გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად - პრემიერი

29 ნოემბერი 2024, 14:04 332 ნახვა

2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რაც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი, ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს.

"მინდა, გამოვეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მმართველი პარტიის სახელით გაიმართა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ტრადიციული ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, 2028 წლისთვის შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი. სწორედ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არის გზა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისკენ. გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

იმავდროულად, ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი ვთქვით ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ამის საუკეთესო დასტურია მონტენეგრო და სერბეთი, რომლებსაც მოლაპარაკებები შესაბამისად 2012 და 2014 წელს გაუხსნეს, თუმცა, ამას ევროკავშირში მათი გაწევრიანება ოდნავადაც არ დაუჩქარებია. ამის საუკეთესო ასევე მაგალითია თურქეთიც, რომელსაც მოლაპარაკებები 2005 წელს გაუხსნეს, თუმცა, 2016 წელს საერთოდ შეუწყვიტეს. ამ ფონზე, მით უფრო მიუღებელია, რომ სრულიად არაფრისმომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი - ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს შეეძლო, ბრიფინგზე ეთქვა, რომ უარს ამბობს ოთხი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნაზე, თუმცა ეს არ უთქვამს.

"კიდევ ერთხელ გვინდა, აღვნიშნოთ, რომ გამუდმებული შანტაჟი ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნის საკითხით და ხან საბიუჯეტო დაფინანსებით, შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას, აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტების განეიტრალებას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა და არავითარი ალტერნატივა არ აქვს. ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია, სიცრუის მთავარი გამავრცელებლების – რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მხრიდან. მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ერთგულია ევროპული კურსის და ეს ძალიან ხმამაღლა ითქვა გუშინ.

„დღესაც ძალიან ხმამაღლა ვიმეორებ ამას. რაც შეეხება შანტაჟის ხელოვნურ ინსტრუმენტებს და ეს არის მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით არ იძლევა არაფერს. მეორე ეს არის დაფინანსება, რომელიც შეადგენს 0,2 პროცენტს. აქაც საუბარია საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არც ერთ სხვა კატეგორიაზე. სპეკულაციური და სიცრუის შემცველი განცხადებები კეთდებოდა „ერასმუსის“ პროგრამებთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ამ სიცრუით რაღაც აჟიოტაჟი გამოეწვიათ ახალგაზრდებში. აქ საუბარია საბიუჯეტო გრანტებზე და არა დაფინანსების სხვა ფორმებზე. შანტაჟის ინსტრუმენტებად გამოიყენება სწორედ საბიუჯეტო გრანტის ფორმით გაცემული გრანტები და შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ იმ თანხებზე, რომელიც გამოიყენებოდა დღემდე შანტაჟის ინსტრუმენტად, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ეს არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ 4 წლის თავზე ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. შესაბამისად, არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ, პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში