დაშავებულების მდგომარეობა - ორ ჟურნალისტს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა

29 ნოემბერი 2024, 14:33 250 ნახვა

აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ინფორმაციას  ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულების ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი, კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება, მათი მრავლობითი დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა. სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას. მკურნალი ექიმის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“.

გურამ როგავაზე გვიან ღამით სამართალდამცავებმა აქციის დაშლის დროს იძალადეს. დაშავებულებს  პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა სამედიცინო ბრიგადებმა აღმოუჩინეს. ოპერაცია დასჭირდა ონლაინ გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტს ლექსო ქეშელაშვილს, მას ცხვირი აქვს გატეხილი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტები და სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე დაპირისპირებისას დაშავდა უწყების 32 თანამშრომელი. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა.

ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით ბრიგადებმა საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 33 პირი გადაიყვანეს, მათგან აქციის 13  მონაწილე იყო, 4 მედიის წარმომადგენელი, ხოლო 16 შსს-ს თანამშრომელი.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში