ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, აქციიდან გადაყვანილი ადამიანების ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა.
„29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 40 ადამიანი. აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.
გარდა ამისა, ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ სხვა აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.